თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია. მისი დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნიკოლაი ნიკოლაევი (1917-1918), ალექსანდრ ჩერეპნინი (1919-1922), მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი (1924-1925), ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები: ზაქარია ფალიაშვილი (1918-1919; 1922-1923; 1930-1931), დიმიტრი არაყიშვილი (1926-1929); გამოჩენილი კომპოზიტორები: გრიგოლ კილაძე (1938-1940; 1940-1941; 1944-1951), შალვა მშველიძე (1940), ვანო გოკიელი (1941-1943), იონა ტუსკია (1952-1962), ოთარ თაქთაქიშვილი (1962-1964), სულხან ცინცაძე (1965-1984), ნოდარ გაბუნია (1984-2000), მანანა დოიჯაშვილი (2000 - 2011).   ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი რეზო კიკნაძე (2011).

თბილისის კონსერვატორიის დაარსებას წინ უძღოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება. ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, შეიქმნა მუსიკალური განათლების კერები, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის შესაძლებლობა.

თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.

ისევე, როგორც საუკუნის წინ, დღესაც მნიშვნელოვანია კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნეს ჯგუფებისა და მეგობრების როლი.  ამ თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი)  და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილიფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. კონსერვატორია უძველესი ბიბლიოთეკის მფლობელია; ხოლო მისი ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ნივთები მუზეუმ-კაბინეტში  და არქივშია დაცული.

კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზიტორები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები - ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები - ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები - დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი, დირიჟორები - ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე,  მუსიკისმცოდნეები - შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ.

თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას. მის საუკეთესო ტრადიციებზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა წარმატებები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თბილისის კონსერვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოიჯაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორსანტია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლადო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე და სხვ.

დღეს კონსერვატორიაში 180-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. მათ შორის 19 სრული პროფესორია, 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 16 კი ასისტენტ-პროფესორია. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

დაარსების დღიდან კონსერვატორია გახდა მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები.

დღეს კონსერვატორიას ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს; 2000 წლიდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური ”საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები” (ჟერომ პერნოს (ჩელო), ჟერომ დიუკროს (ფ-ნო), გვიდო ზეგერსის (საყვირი) და იოჰან შტრუბის (ფ-ნო)) და კონკურსები სხვადასხვა საშემსრულებლო სპეციალობებით, რომელთაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები მართავენ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.

ამავე დროს კონსერვატორია მუსიკალური ხელოვნების სამეცნიერო კვლევის ძირითადი კერაა საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით. 2003 წელს დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს.  კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა. ბეჭდვითი გამომცემლობის პარალელურად, 2004 წლიდან ფუნქციონირებსსამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.

დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებსა და კონფერენციებში. ძალზე დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სია.

1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.

კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.

შაბათი
29.04
15:00
მცირე დარბაზი
სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი
შაბათი
29.04
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი - თამთა მაღრაძე
ორშაბათი
01.05
15:00
მცირე დარბაზი
სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულება და საკონცერტმაისტერო დაოს
ორშაბათი
01.05
18:00
დიდი დარბაზი
კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი
სამშაბათი
02.05
15:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი - დავით დარბინიანი
სამშაბათი
02.05
19:00
დიდი დარბაზი
ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი
ხუთშაბათი
04.05
19:00
დიდი დარბაზი
ვანდა და ლეო შიუკაშვილების კლასის კონცერტი
პარასკევი
05.05
18:00
მცირე დარბაზი
ვოკალური მუსიკის კონცერტი