თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია. მისი დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

თბილისის კონსერვატორიის დაარსებას წინ უძღოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება. ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, შეიქმნა მუსიკალური განათლების კერები, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის შესაძლებლობა.

 

თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.

 

 

 

 

ისევე, როგორც საუკუნის წინ, დღესაც მნიშვნელოვანია კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნეს ჯგუფებისა და მეგობრების როლი. ამ თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი) და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილიფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. კონსერვატორია უძველესი ბიბლიოთეკის მფლობელია; ხოლო მისი ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ნივთები მუზეუმ-კაბინეტში  და არქივშია დაცული.

 

კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზიტორები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები - ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები - ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები - დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი, დირიჟორები - ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე,  მუსიკისმცოდნეები - შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ.

 

თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას. მის საუკეთესო ტრადიციებზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა წარმატებები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თბილისის კონსერვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოიჯაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორსანტია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლადო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე და სხვ.

 

დღეს კონსერვატორიაში 180-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. მათ შორის 19 სრული პროფესორია, 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 16 კი ასისტენტ-პროფესორია. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

 

დაარსების დღიდან კონსერვატორია გახდა მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები.

 

დღეს კონსერვატორიას ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს; 2000 წლიდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური ”საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები” (ჟერომ პერნოს (ჩელო), ჟერომ დიუკროს (ფ-ნო), გვიდო ზეგერსის (საყვირი) და იოჰან შტრუბის (ფ-ნო)) და კონკურსები სხვადასხვა საშემსრულებლო სპეციალობებით, რომელთაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები მართავენ.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.

 

ამავე დროს კონსერვატორია მუსიკალური ხელოვნების სამეცნიერო კვლევის ძირითადი კერაა საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით. 2003 წელს დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს.  კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა. ბეჭდვითი გამომცემლობის პარალელურად, 2004 წლიდან ფუნქციონირებსსამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.

 

დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებსა და კონფერენციებში. ძალზე დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სია.

 

1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.

 

კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.

 

 

  რექტორები
რეზო კიკნაძე
კომპოზიტორი, ჯაზმენი
2012 წლიდან დღემდე
რეზო კიკნაძე
კომპოზიტორი, ჯაზმენი
2012 წლიდან დღემდე
მანანა დოიჯაშვილი
პიანისტი
2000 - 2012 წწ.
მანანა დოიჯაშვილი
პიანისტი
2000 - 2012 წწ.
ნოდარ გაბუნია
კომპოზიტორი და პიანისტი
1984-2000
ნოდარ გაბუნია
კომპოზიტორი და პიანისტი
1984-2000
სულხან ცინცაძე
კომპოზიტორი
1965-1984
სულხან ცინცაძე
კომპოზიტორი
1965-1984
ოთარ თაქთაქიშვილი
კომპოზიტორი
1962-1964
ოთარ თაქთაქიშვილი
კომპოზიტორი
1962-1964
იონა ტუსკია
კომპოზიტორი
1952-1962
იონა ტუსკია
კომპოზიტორი
1952-1962
ვანო გოკიელი
კომპოზიტორი
1941-1943
ვანო გოკიელი
კომპოზიტორი
1941-1943
შალვა მშველიძე
კომპოზიტორი
1940 (მარტი-მაისი)
შალვა მშველიძე
კომპოზიტორი
1940 (მარტი-მაისი)
გრიგოლ კილაძე
კომპოზიტორი
1938-1940 1944-1951
გრიგოლ კილაძე
კომპოზიტორი
1938-1940 1944-1951
ალექსანდრე დუდუჩავა
ხელოვნებათმცოდნე და კომპოზიტორი
1932
ალექსანდრე დუდუჩავა
ხელოვნებათმცოდნე და კომპოზიტორი
1932
ალექსანდრე ხოფერია
მომღერალი
1929-1930 1933-1937
ალექსანდრე ხოფერია
მომღერალი
1929-1930 1933-1937
დიმიტრი არაყიშვილი
კომპოზიტორი
1926-1929
დიმიტრი არაყიშვილი
კომპოზიტორი
1926-1929
მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი
კომპოზიტორი
1924-1925
მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი
კომპოზიტორი
1924-1925
ნიკოლაი ჩერეპნინი
კომპოზიტორი
1919-1922
ნიკოლაი ჩერეპნინი
კომპოზიტორი
1919-1922
ზაქარია ფალიაშვილი
კომპოზიტორი
1918-1919
ზაქარია ფალიაშვილი
კომპოზიტორი
1918-1919
ნიკოლაი ნიკოლაევი
პიანისტი და კოპოზიტორი
1917-1918
ნიკოლაი ნიკოლაევი
პიანისტი და კოპოზიტორი
1917-1918