დადგენილება No 97/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო ვადების განსაზღვრის შესახებ
დადგენილება No 97/2021
თარიღი: 26 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის No55/2021 დადგენილების (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით, 20.05.2021 წ. N18/2021წ) მე-3 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის No 38 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 38),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით გამოსაცხადებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვროს კონკურსანტის/ების განცხადების/ბების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
2. კონკურსის ჩატარების კონკრეტული ვადები განისაზღვროს კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით.
3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონსერვატორიის რექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღინიშნოს კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
4. კონკურსის ჩატარების სხვა აუცილებელი ვადები განისაზღვროს რექტორის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საკონკურსო ვადა სრულდება კონსერვატორიისათვის არასამუშაო ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეს, კონკრეტული საკონკურსო ვადის დასრულების დღედ ჩაითვალოს მომდევნო სამუშაო დღე.
5.აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო პირობები და ვადები გამოქვეყნდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კონსერვატორიის ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებად პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე;
6.დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
8. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No6).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე