1. კონსერვატორია გამოსცემს მუსიკის ისტორიისა და თეორიის, საეკლესიო მუსიკისა და ეთნომუსიკოლოგიის, სამუსიკო შემსრულებლობის განხრით კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებელთა სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურას, კომპოზიციის მიმართულების სანოტო მასალას, აგრეთვე, დოქტორანტთა და სტუდენტთა გამორჩეულ ნაშრომებს.
2. კონსერვატორიის საგამომცემლო გეგმა დგინდება ცალკეული მიმართულებების საგამომცემლო ინიციატივების კოორდინირებისა და საკონსერვატორიო პრიორიტეტების გათვალისწინებით. კონსერვატორიის საგამომცემლო გეგმას განიხილავს კონსერვატორიის სარედაქციო-საექსპერტო საბჭო და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
3. ცალკეული მიმართულებების საგამომცემლო (სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის) ინიციატივების თავმოყრასა და ერთიან კოორდინირებაზე პასუხისმგებელია გამომცემლობის ხელმძღვანელი.
4. კონსერვატორიის საგამომცემლო გეგმაში დგინდება გამოცემის ვადები (განისაზღვრება მასალის მოცულობის, პუბლიკაციისთვის საჭირო სარედაქტორო სამუშაოსა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით) და სხვა პარამეტრები.
5. კონსერვატორია გამოსცემს მხოლოდ რეცენზირებულ მასალებს.
6. სასწავლო ლიტერატურას უნდა ჰყავდეს ორი რეცენზენტი, რომელსაც გამოყოფს შესაბამისი მიმართულება. ერთ-ერთი რეცენზენტი შესაძლებელია იყოს მომიჯნავე მიმართულებიდან, ან დარგის მოწვეული ექსპერტი (მათ შორის საერთაშორისო).
7. რეცენზია განიხილება მიმართულების სხდომაზე. რეცენზიის განხილვის წესს ადგენს თვით მიმართულება.
8. სამეცნიერო, მეთოდურ, საცნობარო ლიტერატურას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე რეცენზენტი, რომელთაც წარმოადგენს შესაბამისი მიმართულება. რეცენზენტი შესაძლებელია იყოს დარგის მოწვეული სპეციალისტი (მათ შორის საერთაშორისო).
9. ნაშრომი ქვეყნდება დადებითი რეცენზიის შემთხვევაში. ორი ან მეტი რეცენზენტის დროს, თუ ერთ–ერთი რეცენზია უარყოფითია, მასალა გადაეცემა დამატებით რეცენზირებაზე (სათანადო საფუძვლის შემთხვევაში ფარულ რეცენზირებაზე). რეცენზენტი/რეცენზენტები შესაძლებელია იყოს მომიჯნავე მიმართულებიდან, ან დარგის მოწვეული ექსპერტი (მათ შორის საერთაშორისო).
10. მიმართულება უფლებამოსილია საჭიროებისამებრ დაადგინოს და განსაზღვროს წინასწარი ფარული რეცენზირების პროცედურაც, რაც არ აბათილებს საბოლოო რეცენზირების აუცილებლობას (იხ. პუნქტები 3-6).
11. რეცენზიაში გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, ავტორს უფლება აქვს გაეცნოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი რეცენზიის ასლებს, მათ შორის ფარული რეცენზიის ასლს რეცენზენტის გვარის მითითების გარეშე.
12. დადებითი რეცენზიისა და გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მასალა (როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო ლიტერატურა) გადაეცემა მეცნიერ–რედაქტორს ან რედაქტორთა ჯგუფს, რომელსაც გამოყოფს შესაბამისი მიმართულება. მეცნიერ–რედაქტორთა ჯგუფის წევრი შესაძლებელია იყოს მომიჯნავე მიმართულებიდან, ან მოწვეული სპეციალისტი.
13. მეცნიერ–რედაქტორის/რედაქტორთა ჯგუფის შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითი რეცენზიით /რეცენზიებით და გამოცემის შესახებ მიმართულების გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტაციით (შესატყვისი სხდომის ოქმის ამონაწერი) შემდგომი მსვლელობისთვის მასალა გადაეცემა გამომცემლობას.
14. გამომცემლობა უზრუნველყოფს გამოცემის სარედაქციო და საწარმოო პროცესს – საგამომცემლო ნორმატივების შესაბამისი საბეჭდი ფაილის დამზადებიდან მის პოლიგრაფიულ განხორციელებამდე.
15. გამოსაცემად ბარდება მხოლოდ ელექტრონული ვერსია პუბლიკაციისთვის დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით.
16. სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა კონსერვატორიის გრიფით, ავტორების თუ სპონსორების ხარჯზე, ან საგრანტო დაფინანსებით შეიძლება გამოიცეს მხოლოდ წენა პუნქტების აუცილებელი დაცვით.
ისეთ შემთხვევაში, თუ გამოცემის პროცესზე პასუხისმგებლობას იღებს კონსერვატორია, გამოცემის ვადები განისაზღვრება ზოგადსაკონსერვატორიო საგამომცემლო გეგმის გათვალისწინებით.
კონტაქტი:
გამომცემლობა
ოთახი: 226
ტელ: (+995 32) 2 98 71 88
email: publishing@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10